დაგვიკავშირდით
+995 592 11 21 11

ერთი ოჯახის სამი ტრაგედია – ულამაზესი მოცეკვავე, რომლის ამბავმა მთელი თბილისი აალაპარაკა

ერთი ოჯახის სამი ტრაგედია – ულამაზესი მოცეკვავე, რომლის ამბავმა მთელი თბილისი აალაპარაკა
18 აპრილი 2021, კვირა
2 523

ამ ტრაგედიამ 1990-იანი წლების დასაწყისში მთელი თბილისი აალაპარაკა. ახალი წლის წინა დღეებში დამწვრობის ცენტრში ახალგაზრდა პერსპექტიული მოცეკვავე, ულამაზესი ირმა დუნდუა ბრმა ტყვიამ იმსხვერპლა.



ეს ის პერიოდია, როდესაც თბილისის ქუჩებში შეიარაღებული ბანდ-ფორმირებები დათარეშობდნენ, ტყვიები კი ჰაერში უმისამართოდ დაჰქროდა.
 
1991 წლის 28 დეკემბერი იყო – თბილისში, ომი მძვინვარებდა. კუკიაზე მდებარე დამწვრობის ცენტრის შენობის აივანზე, ირმა დუნდუა შვილთან დაქმართან ერთად იდგა, როცა ბრმა ტყვია მოხვდა, ბავშვის თავსა და მეუღლის ხელს შუა გაძვრა და აორტა გაუგლიჯა. „მგონი, მომკლესო“ – ადგილზე დატრიალდა, თითქოს უკანასკნელად ცეკვავდა და ქმრისა და შვილის თვალწინ ჩაიკეცა…
 
ტრაგიკული ისტორია, რომელმაც მთელი საქართველო შეძრა, ანსამბლ „რუსთავის“ წევრ, ულამაზეს ირმა დუნდუას, მის ვაჟს ვიტალის და მეუღლე – დევი ქუთათელაძეს ეკუთვნის.
 
ირმას და, მანანა დუნდუა, სოციალურ ქსელში, ემოციურ ლექსს აქვეყნებს, რომელიც, როგორც თავად ამბობს, გარდაცვლილ დას მიუძღვნა. ქ-ნი მანანა „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში, წლების წინ მომხდარ ტრაგიკულ ამბავს იხსენებს და აღნიშნავს, რომ ირმა, მართლაც არაამქვეყნიური სილამაზის იყო, არა მარტო გარეგნობით, არამედ მისი სულის სამყაროთი:
 
– ერთი წლის წინ დავიწყე ლექსების წერა. რატომღაც მომინდა, ჩემი ემოციები, ამ ფორმით გამომეხატა. შეიძლება, ეს ლექსი მხატვრული ღირებულების არ არის, მაგრამ პირადი გრძნობებია.

– ირმას გარეგნობაზე ბევრს საუბრობდნენ, ფაიფურის თოჯინას ეძახდნენ, ხან კოლხეთის ულამაზეს ასულს… 
 
– მართლაც განსხვავებული, ზებუნებრივი გარეგნობა ჰქონდა. მისგან საოცარი დადებითი აურა, კდემა მოდიოდა. გარეგნობით, თვალებით და გამომეტყველებით, კარგად ჩანდა მისი შინაგანი სიფაქიზე და ბუნება. ბევრი ლამაზი გოგო მინახავს, მაგრამ ირმას თავისი ინდივიდუალური, განუმეორებელი ხიბლი ჰქონდა.
შემიძლია ხატის წინ დავიფიცო, რომ ბუნებაში ვერ მოიძებნება ადამიანი, ვისთვისაც, შეიძლება ხმამაღლა დაეყვირა, ან აგრესია გამოეხატა. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჭიანჭველისთვისაც არ დაუდგამს ფეხი. მართლაც არაამქვეყნიური იყო, სულის სისუფთავით და უბიწოებით გამორჩეული.
 
– გარდაცვალებიდან მე- 40 დღეს, ანსამბლმა „რუსთავმა“, ტელევიზიით გახსენება გააკეთა, სადაც ირმას საოცარი კადრები იყო აღბეჭდილი…
 
– ეს კასეტა დღემდე არსებობს, მაგრამ იმდენად დაზიანდა, რომ ვერ ვუყურებ. თუ არის შესაძლებლობა, იქნებ განვაახლო და აღვადგინო. ამის თაობაზე, მინდა ვთხოვო ჩემ მეგობრებს დამეხმარონ.
– ირმას გარდაცვალებიდან 25 წლის თავზე, კიდევ ერთი უბედური შემთხვევა დატრიალდა. ირმას მეუღლე, დევი ქუთათელაძე, საკუთარ სახლში, ხანძრის მსხვერპლი გახდა – წყვილის ტრაგიკული გარდაცვალება, დამწვრობასთან ასოცირდება…
 
– ოჯახის ყველა წევრი, უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა. ირმა -1991 წელს დამწვრობის ცენტრში, ბრმა ტყვიამ იმსხვერპლა, 1999 წლის 4 ივლისს მათი ვაჟი ვიტალი, უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა, ხოლო 2016 წელს – მეუღლე, დევი ქუთათელაძე საკუთარ სახლში ცოცხლად დაიწვა. ეს მართლაც უდიდესი ტრაგედია იყო.
 
– უბედური შემთხვევის დროს, თქვენი ქალიშვილიც ვიტალისთან ერთად იმყოფებოდა ნავში (ვიტალი რუსეთში საზღვაო კატასტროფაში დაიღუპა – ავტ.)…
 
– როგორც ჩემი ქალიშვილი ჰყვება, ვიტალიმ რატომღაც ადგილი გაუცვალა, თორემ ჩემი გოგო დაიღუპებოდა. მართლაც, რაღაც სასწაული მოხდა. ძალიან დიდი ტრავმა გადაიტანა ჩემმა შვილმა. როგორც თავად იხსენებს, გონება დაკარგა, ამნეზიის ნიშნებიც კი ჰქონდა.
 
მხოლოდ ის ახსოვს, ვიღაც მეძახდა, გონება რომ არ გამთიშვოდაო. ნეკნები და ფეხის თითების ფალანგები, სულ დამტვრეული ჰქონდა, მაგრამ საბედნიეროდ მისი გადარჩენა შეძლეს. ვიტალის გვამი კი, რამდენიმე დღის შემდეგ იპოვნეს.
 
– ირმას მეუღლეზე, დევიკოზე რას გვეტყვით?
 
– მას ირმას შემდეგ, ცოლი აღარ შეურთავს. სიცოცხლის ბოლომდე მისი ერთგული დარჩა…
 
– დევიც დამწვრობის ცენტრში გარდაიცვალა?
 
– დოლიძეზე სახლი გაყიდა და საცხოვრებლად ავლაბარში გადავიდა, ძალიან განიცდიდა ცოლ-შვილის დაკარგვას და სულ ტრაგიკული იყო. სწორედ, ამ სახლში მოხდა ეს უბედური შემთხვევა.
 
როგორც ჩანს, ანთებული სიგარეტით ჩაეძინა და ხანძარი გაჩნდა. მთელი სახლი დაიწვა, მათ შორის, ოჯახის თითქმის ყველა ფოტო განადგურდა, მხოლოდ რამდენიმე შემორჩა
დევიკო კლინიკაში გადაიყვანეს, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ირმას გარდაცვალებიდან 25 წლის თავზე, 56 წლის ასაკში გარდაიცვალა, ირმა – 25 წლის იყო, მათი შვილი კი – 15 წლის.
 
– წმ. ბარბარეს სახელობის ეკლესიის შესასვლელის დასავლეთ მხარეს, ხის ჩუქურთმოვანი კარების თავზე, გამოსახულია ბოლნური ჯვარი ორი წარწერით: „შეიწყალე, უფალო, მხევალი ღვთისა ირმა“, „შეიწყალე, უფალო, მონა ღვთისა ვიტალი“ – დევის გარდაცვალების შემდეგ, მისი სახელიც დაემატა ამ წარწერას?…
 
– სამწუხაროდ, ვერ მოვახერხე. რამდენიმე წლის წინ, ჩემი მეუღლე სიმსივნის დიაგნოზით დაავადდა და სამი წლის წინ გარდაიცვალა. დამრჩა ქალიშვილი და ოთხი შვილიშვილი.
 
– თქვენი მშობლები?
 
– დედა, ირმას გარდაცვალების შემდეგ, პარკინსონის დაავადებით იტანჯებოდა და დიდხანს არ უცოცხლია. მამა – 89 წლის ასაკში გარდაიცვალა.
 
ცნობისთვის, ოჯახის ტრაგედია 1991 წელს იმით დაიწყო, რომ დევის მეგობარს, რომელიც რაიონში ცხოვრობდა, ბენზინის ავზი აუფეთქდა და დამწვრობის ცენტრში ჩამოიყვანეს. ირმა ამ ადამიანს არ იცნობდა, მაგრამ მის სანახავად, ქმარს საავადმყოფოში მაინც გაჰყვა…
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს

ბოლო სიახლეები:

Прокомментировать
კოდის განახლება
პარტნიორები