დაგვიკავშირდით
+995 592 11 21 11

„ხის ჯვარზე სისხლში ამოსვრილიც, უფრო დიდებული და ბრწყინვალე ხარ, ვიდრე ათასი მეფე, ათას ტახტზე“… – არაბი ფილოსოფოსის წითელ პარასკევს დაწერილი

„ხის ჯვარზე სისხლში ამოსვრილიც, უფრო დიდებული და ბრწყინვალე ხარ, ვიდრე ათასი მეფე, ათას ტახტზე“… – არაბი ფილოსოფოსის წითელ პარასკევს დაწერილი
02 მაი 2021, კვირა
376

ლიბანური წარმოშობის ამერიკელი პოეტის, მწერლის, პროზაიკოსის და მხატვრის ქრისტიანი არაბის ჯიბრან ხალილ ჯიბრანის რომანი „იესო ძე კაცისა“, არის ჯიბრანის ფანტაზიით „აღდგენილი”, იმ სამოცდაჩვიდმეტი ადამიანის მონათხრობი, რომელიც სიცოცხლეში იცნობდა იესოს.
 
წიგნი, იესოს თანამედროვეთა მწერლის ფანტაზიით აღდგენილი მოგონებები,ა ქრისტეს შესახებ. ჯიბრანი წერს ისე, თითქოს ის ხალხი გვიყვებოდეს იესოს შესახებ, ვინც მას სიცოცხლეში იცნობდა. ეს ადამიანები ქრისტეს სხვადასხვაგვარად აფასებენ.
 
ჯიბრანს, მთელი სიცოცხლე აინტერესებდა ქრისტეს ფენომენი, ამიტომ გარდა ამ რომანისა, მას კიდევ რამდენიმე მოთხრობა, თუ ესე მიუძღვნა.
 
1923 წელს ინგლისურ ენაზე გამოქვეყნდა პატარა წიგნი „წინასწარმეტყველი“, რომელსაც სალიტერატურო კრიტიკა აღფრთოვანებით შეხვდა, უმოკლეს დროში 10 მილიონი ეგზემპლარი გაიყიდა და უმალვე ითარგმნა მსოფლიოს ხალხთა ოცზე მეტ ენაზე.
 
„იესო, ძე კაცისა“ ზუსტად 85 წლის წინათ, 1928 წლის ნოემბერში, გამოქვეყნდა და „საუკუნის ლიტერატურულ ქმნილებად“ აღიარა სალიტერატურო კრიტიკამ.
 
ნაწარმოები იწყება იაკობ მოციქულის მონათხრობით, რელიგიის არსზე საუბრით – იესოს მთის მწვერვალზე აჰყავს თავისი მოწაფეები, გადმოახედებს, დაანახვებს ულამაზეს სანახაობას, აღუწერს მშვენებასმიწისას და აუწყებს, რომ ყოველივე ხილულის მიღმა არის მისი სასუფეველი, სადაც მასთან ერთად მეუფე იქნება ყოველი ადამიანი.
 
ნაწარმოების დასაწყისშივე გაცხადებულია არსი რელიგიისა: ორი სამყარო – მიწიერი და ზეციური, მიწიერი მეუფება და სულიერი მეუფება;
 
გთავაზობთ ჯიბრან ხალილ ჯიბრანის წითელ პარასკევს დაწერილ ნაწარმოებს (მთარგმნელი გიორგი ლობჟანიძე):
 
„დღესაც ისევე, როგორც ამ დღეს ყოველწლიურად, კაცობრიობა ფხიზლდება თავის ღრმა ძილისაგან, დგება თაობათა ლანდების წინაშე და ცრემლგადაკრული თვალებით უყურებს გოლგოთის მთას, რათა იქ ხის ჯვარზე გაკრული იესო ნაზარეველი დაინახოს.


ხოლო როდესაც მზე დღის სავალიდან ჩადის, კაცობრიობა ბრუნდება, რათა ყოველ ბორცვსა და ყოველი მთის წვერზე დამაგრებული კერპების წინ, სალოცავად მუხლი მოიყაროს.
 
დღეს ხსოვნა მსოფლიოს ყველა ქვეყნის ქრისტიანთა სულებს, იერუსალიმისკენ მიუძღვის, იქ მწკრივ-მწკრივად დგებიან, გულში მჯიღს იცემენ და დაჟინებითი შეჰყურებენ ეკლის გვირგვინით შემკობილ აჩრდილს, რომელსაც მკლავები უსაზღვროების წინაშე გადაუშლია და სიკვდილის ზღუდის მიღმიდან სიცოცხლის სიღრმეებში იყურება
მაგრამ ღამის ფარდები ამ დღის სცენაზე ჯერ არ არის დაშვებული, რომ ქრისტიანები უკან ბრუნდებიან და გუნდ-გუნდ დავიწყების ჩრდილქვეშ წამოგორდებიან ხოლმე, უმეცრებისა და უნიათობის საბნებში გახვეულნი.
 
ყოველწლიურად, სწორედ ამ დროს, ფილოსოფოსები ტოვებენ თავიანთ ბნელ მღვიმეებს, მოაზროვნეები თავიან ცივ მონასტრებს, მგოსნები – მათ წარმოსახვით ხეობებს და ყველანი მაღალ მთაზე დგებიან, მდუმარენი, შეძრწუნებულნი და გულისყურით ისმენენ ხმას იმ ჭაბუკისა, თავის მკვლელებზე რომ ამბობს: ,,მამაო, მიუტევე, რამეთუ არა იციან, რასა იქმან!“.
 
მაგრამ სინათლის ხმებს, გარს, სიმშვიდე ჯერაც არ შემორტყმია, რომ გაბრუნდებიან ფილოსოფოსნი, მოაზროვნეები და მგოსანნი და მათი სულები, ცნობისწადილის აღმძვრელ წიგნთა ფურცლების სუდარაში ეხვევიან.
 
ცხოვრების ორომტრიალით გართული, სამკაულებითა და მოსართავებით გატაცებული ქალები გამოდიან დღეს შინიდან, რათა იხილონ მწუხარე ქალი, რომელიც ჯვრის წინ ისე დგას, როგორც ლბილი ხე ზამთრის ქარიშხლების წინაშე, მიუახლოვდნენ ამ ქალს, რათა მისი ღრმა გმინვა და ტკივილიანი კვნესა მოისმინონ.
 
გოგონები და ყმაწვილები კი, დღეთა ნაკადებთან ერთად, იქით რომ იხრებიან, საითკენაც თვით ვერ გაიგიათ, დღეს ერთი წამით შედგებიან და მიიხედავენ უკან, რათა დაინახონ ყმაწვილი მაგდანელი ქალი, თავისი ცრემლით რომ ჰბანს სისხლის წვეთებს ცასა და მიწას შორის წამომართული მამაკაცის მუხლებს.
 
მაგრამ როგორც კი, ამ გოგო-ბიჭების თვალი, ამ სანახაობიდან გადაინაცვლებს, ისევ აჩქარებულ და მოკისკისე ყმაწვილებად გადაიქცევიან.
 
ყოველწლიურად, სწორედ ამ დღეს იღვიძებს კაცობრიობა გაზაფხულის გამოღვიძებით და დგება მტირალი ნაზარეველის სალმობათათვის, მერე თვალებზე ქუთუთოებს ჩამოიფარებს და კვლავ ღრმა ძილს მიეცემა.
 
გაზაფხული კი მღვიძარი რჩება, იღიმის და მიდის, ვიდრე ოქროთი მოვარაყებულ, კალთებსურნელოვან შემოდგომად გადაიქცეოდეს.
 
კაცობრიობა არის ქალი, რომელსაც გარდასულ თაობათა გმირების დატირება სიამოვნებს თორემ კაცობრიობა რომ კაცი ყოფილიყო, გაიხარებდა ამ გმირების დიდებულებითა და ბრწყინვალებით.
 
კაცობრიობა, ბალღია, რომელიც ოხვრით დგება დაკლული ფრინველის სიახლოვეს, მაგრამ ეშინია წინ გადაუდგეს მძვინვარე ქარიშხალს, რომელიც თავის გზაზე ლეწავს ხმელ ტოტებს და მტკიცედ მიიხვეტავს დიდი ხნის განმავლობაში გამჯდარ სიბინძურეს.
 
კაცობრიობა იესოს ხედავს, როგორც ღარიბებივით შობილს, მცხოვრებს, როგორც გაჭირვებულთ, დამცირებულს, ვითარცა უღონოებს, ჯვარზე გაკრულს, როგორც ავაზაკებს და დასტირის, გლოვობს და თანაუგრძნობს. და სულ ეს არის, რასაცა იქმს მისდა სადიდებლად.
 
უკვე ცხრამეტი თაობაა, რაც ადამის ძენი იესოს სახით თაყვანს სცემენ სისუსტეს, მაშინ, როცა იესო იყო ძლიერი, მაგრამ მათ არ ესმით ძლიერების ჭეშმარიტი არსი.
 
იესოს არ უცხოვრია, როგორც გაჭირვებულ მშიშარას და არ მომკვდარა, როგორც წუწუნა ტანჯული, არამედ იცხოვრა, ვითარცა მეამბოხემ, ჯვარს ეცვა, როგორც შეუპოვარი და აღესრულა, ვითარცა მძლეველი.
 
იესო არ ყოფილა, ფრთებჩამომტვრეული ჩიტი. ის იყო მძვინვარე ქარიშხალი, რომელმაც თავისი ქროლვით ყველა გამრუდებული ფრთა მთლიანად დაცალეწა!
 
იესო ლურჯი თანაგრძნობის მიღმიდან კი არ მოსულა, რომ სიცოცხლის სიმბოლოდ ტკივილი ექცია, არამედ მოვიდა იმისათვის, რომ სიცოცხლე ჭეშმარიტებისა და თავისუფლების სიმბოლოდ გაეხადა.
 
იესოს არ შეშინებია მდევრებისა, არ შეუძრწუნებია მტრებს და არ უგმინია თავის მკვლელთა წინაშე, არამედ იყო თავისუფალი შემსწრეთა თავს ზემოთ, მამაცი ჩაგვრისა და ტირანიის წინაშე, ხედავდა საზიზღარ მუწუკებს და რწყავდა მათ, ესმოდა მოღაღადე ბოროტებისა და ენას აკმედინებდა, ხვდებოდა თვალთმაქცობას და სრავდა.
 
იესო უზენაესი სინათლის წრიდან ქვემოთ იმისათვის კი არ დაშვებულა, რომ დაენგრია სახლები და მათი ქვებით ეკლესია-მონასტრები აეშენებინა, ანდა ძლიერი კაცები წაექეზებინა, რომ ბერმონაზვნებად გაეხადა.
 
არამედ იმისათვის მოვიდა, რომ ამ სამყაროს სივრცეში ახალი, ძლიერი სული გაევრცელებინა, რომელიც თავის ქალებზე ამაღლებულ ტახტებს საყრდენთ შეურყევდა, სამარეებზე წამომართულ სასახლეებს დაანგრევდა და დაჩაგრულ სუსტთა სხეულებზე დაფუძნებულ კერპებს დაამხობდა.
 
იესო იმისათვის არ მოსულა, რომ ხალხისათვის თვალისმომჭრელ ეკლესიათა და დიდებულ ტაძართა შენება ესწავლებინა ბეჩავ ქოხმახთა და ბნელ, ცივ საცხოვრისთა გვერდით, არამედ მოვიდა იმისათვის, რათა ადამიანის გული ტაძრად ექცია, სამშვინველი საკურთხევლად, ხოლო გონება მისი – მღაღადებლად.
 
აი, ეს არის ის, რაც იესო ნაზარეველმა ქმნა და ეს არის საფუძვლები, რომელთა გამოც ჯვარს ეცვა, ვით რჩეული. და ადამის ძენი რომ აზროვნებდნენ, დღეს დადგებოდნენ გახარებულნი და გაცისკროვნებულნი და მტრის ძლევისა და გამარჯვების სიმღერებს დააგუგუნებდნენ.
 
შენ კი, გამარჯვებულო ჯვარცმულო, გოლგოთის მაღლობებიდან, თაობათა ქარავნებს რომ გადმოჰყურებ, ერთა გნიასს რომ უსმენ და მარადისობის ოცნებები გესმის, შენ ხის ჯვარზე, სისხლში ამოსვრილიც უფრო დიდებული და ბრწყინვალე ხარ, ვიდრე ათასი მეფე, ათას ტახტზე, ათას სამეფოში.
 
შენ სულთმობრძაობასა და სიკვდილს შორის უფრო შემაძრწუნებელი ხარ და ძლევამოსილი, ვიდრე ათასი მხედართმთავარი ათას ჯარსა და ათას ბრძოლაში.
 
შენ შენი ვნებებით უფრო სიხარულის მომნიჭებელი ხარ, ვიდრე გაზაფხული, თავისი ყვავილებით. შენ შენი ტკივილებით უფრო გულმშვიდი ხარ, ვიდრე ანგელოზი, მთელი თავისი ზეცით. და შენ – ჯალათთა შუაში – მზის სინათლეზე უფრო თავისუფალი ხარ!
 
შენს თავზე, ეგ ეკლის გვირგვინი, უფრო ბრწყინვალე და მშვენიერია, ვიდრე გვირგვინი ბაჰრამისა, სამსჭვალი შენს ხელისგულზე უფრო ზვიადი და დიდებულია, ვიდრე სკიპტრა მუშთარისა, და სისხლის წვეთები შენს ფეხებზე უფრო კაშკაშაა, ვიდრე ყელსაბამნი აშთრუთისა.
 
და მიუტევე იმ უძლურთ, რომელნიც დაგტირიან, რამეთუ არ უწყიან, თავისი თავი როგორ დაიტირონ. და შეუნდე მათ, რამეთუ არ იციან, რომ შენ სიკვდილი სიკვდილით დათრგუნე და საფლავების შინათა სიცოცხლე მიანიჭე.”
 
შეგახსენებთ, რომ ლიბანური წარმოშობის ამერიკელი პოეტის, მწერლის, პროზაიკოსის, და მხატვრის ქრისტიანი არაბი ავტორის რომანი „იესო ძე კაცისა“, არის ჯიბრანის ფანტაზიით „აღდგენილი” იმ სამოცდაჩვიდმეტი ადამიანის მონათხრობი, რომელიც სიცოცხლეში იცნობდა იესოს.
 
ფილოსოფოსი ჯიბრან ხალილ ჯიბრანი, 1883 წლის 8 იანვარს ჩრდ. ლიბანში, სოფელ ბიშარში დაიბადა. წიგნი „იესო, ძე კაცისა, რომელიც თარგმნა გიორგი ლობჟანიძემ, იესოს თანამედროვეთა მწერლის ფანტაზიით აღდგენილი მოგონებებია, ქრისტეს შესახებ.
 
ჯიბრანი წერს ისე, თითქოს ის ხალხი გვიყვებოდეს იესოს შესახებ, ვინც მას სიცოცხლეში იცნობდა. ეს ადამიანები ქრისტეს სხვადასხვაგვარად აფასებენ. თვითონ ჯიბრანს მთელი სიცოცხლე აინტერესებდა ქრისტეს ფენომენი, ამიტომ გარდა ამ რომანისა, მას კიდევ რამდენიმე მოთხრობა, თუ ესე მიუძღვნა.
 
1923 წელს, ინგლისურ ენაზე გამოქვეყნდა პატარა წიგნი „წინასწარმეტყველი“, რომელსაც სალიტერატურო კრიტიკა აღფრთოვანებით შეხვდა, უმოკლეს დროში 10 მილიონი ეგზემპლარი გაიყიდა და უმალვე ითარგმნა მსოფლიოს ხალხთა ოცზე მეტ ენაზე.
 
ჯიბრან ხალილ ჯიბრანი – არაბი მხატვარი, არაბულ და ინგლისურ ენებზე დაწერილ იგავთა და შეგონებათა რამდენიმე წიგნის ავტორი.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს

ბოლო სიახლეები:

Прокомментировать
კოდის განახლება
პარტნიორები