დაგვიკავშირდით
+995 592 11 21 11

EXCLUSIVE: რა ბედი ეწია ბიჭუნას, რომელსაც ბედმა არც დედა არგუნა და ბავშვთა სახლებიდანაც თავიდან იშორებდნენ

EXCLUSIVE: რა ბედი ეწია ბიჭუნას, რომელსაც ბედმა არც დედა არგუნა და ბავშვთა სახლებიდანაც თავიდან იშორებდნენ
17 ივლისი 2021, შაბათი
1 327

მზეონა რატიანი პროფესიით პედაგოგი გახლავთ. წლების წინ მან 13 წლის. ბიჭუნა იშვილა აღსაზრდელად. არც ისე იოლი აღმოჩნდა გზა, რომელიც ერთად გაიარეს დედობილმა და შვილობილმა და რომ არა პირველი დედობილის მხრიდან ხელის შეშლა, მათი ურთიერთობა ალბათ უფრო სხვა გზით წავიდოდა.

ამბავს, რომელიც გულგრილს არავის დაგტოვებთ, ქალბატონი მზეონა „პრაიმტაიმს“ ექსკლუზიურად თავად უყვება:
 
– მოგიყვებით ბიჭუნაზე, რომელმაც ჩემს ცხოვრებაში დიდი გადატრიალება მოახდინა და რომელზეც არადროს არაფერი მითქვამს: წლების წინ გადავწყვიტე, დროებითი აღზრდის პროგრამით პატარა ბავშვი ამეყვანა – თუნდაც და-ძმა ან დები ყოფილიყვნენ.
 
მივმართე ჩვენი რაიონის სოციალურ სამსახურს, სადაც რატომღაც დიდი აღფრთოვანებით შემხვდნენ. მერე მივხვდი, რატომაც.
სასწრაფოდ მოვამზადე საბუთები და მივაშურე სამგორის რ-ნის სოციალურ სამსახურს, სადაც უპრობლემოდ მომამაგრეს 13 წლის ბიჭუნა, რომელსაც 7 ბავშვთა სახლი ჰქონდა გამოცვლილი…
გული გადამიქანდა, ვიფიქრე, ნამეტანი “ძნელი” ბავშვია ეტყობა და ამიტომ მოიარა მთელი საქართველოს ბავშვთა სახლები-მეთქი. თურმე, სულ ტყუილად…
 
პრობლემა ბავშვში კი არა, მის დედობილში ყოფილა, რომელმაც 2 თვისა იშვილა და 2 წლისა ისევ ბავშვთა სახლს ჩააბარა.
 
მიზეზი? საშუალოდ სერიოზული – მაშინ დედობილი მუშაობდა და ბიჭს ბებია ზრდიდა, რომელიც გარდაიცვალა და ამის გამო ბიჭი ისევ იქ აღმოჩნდა, საიდანაც წამოიყვანეს.
 
აქ აღარ მოვყვები იმ ბატალიებს, რასაც დედობილი ყველა ბავშვთა სახლში აწყობდა და რის გამოც ბავშვი ხან ერთ და ხან მეორე სახლში გადაჰყავდათ. ასე მოხვდა ჩემი ბიჭი ბოლო, ახალქალაქის ბავშვთა სახლში, საიდანაც ჩამომიყვანეს თბილისში.
 
მანამდე ნაირნაირი ტესტებით გამომცადეს, როგორ შევეგუებოდი გარდატეხის ასაკის მოზარდს, რაზეც მე დიდი სიამოვნებით დავთანხმდი…
არასდროს დამავიწყდება ჩვენი შეხვედრის დღე, თითქოს ჩვენ დიდი ხნის ნაცნობები ვიყავით, არანაირი გაუცხოება. ისეთი გახარებული გავქანდით ტაქსით, თითქოს დიდი ხნის დაკარგული ოჯახის წევრი ბრუნდებოდა სახლში.
 
ცალე საუბრის თემაა დედასა და იგარიოკის შეხვედრა. მართლა დიდი ხნის უნახავი ბებია და შვილიშვილივით რომ ჩაეხვივნენ ერთმანეთს. ახლაც მეტირება ამ სცენას რომ ვიხსენებ ხოლმე…
შემდეგ ჩვენ წინაშე დადგა უდიდესი პრობლემა: სად, რომელ რუსულ სკოლაში შეგვეყვანა ბიჭი, რომელსაც საშინელი მოსწრება ჰქონდა, არ იცოდა წესიერად წერა-კითხვა, არ იცოდა კვირის დღეების თანმიმდევრობა არც ქართულად, არც რუსულად. არ იცოდა თვეების სახელები და ასევე თანმიმდევრობა არცერთ ენაზე. იგუ, არ მიწყინო საყვარელო, მაგრამ…
 


დიდი ჯახირისა და მუდარის შემდეგ, ბიჭი ჩემი თავდებით მიიღეს ერთადერთ ქართულ-რუსულ სკოლაში, ავლაბარში, სადავ კვირაში ორჯერ კაი ზედამხედველივით ვიყავი დარჭობილი და სადაც “უგრიუმ-მდინარე” დირექტორი მგონი პირველად მე გავაცინე, როცა ვუყვებოდი იგორის ისტორიას და ვევედრებოდი, არ გაერიცხათ დაბალი მოსწრების გამო.
 
სკოლის დირექტორი ისეთი იერით შემხვდა და ტიპადაც ისეთი იყო, რომ ლამის უკან გამოვიქეცი, მაგრამ როგორც კი დაველაპარაკე, იმ წუთიდან მისი ფანი გავხდი. ადამიანი, რომელმაც იცოდა იმოდენა სკოლის ყველა მოსწავლის ბიოგრაფია. ბატონი N რომ არა, მე იგორკას ვერ გავუმკლავდებოდი. სიკდილამდე მისი მადლიერი ვართ მეც და იგორკაც.
 
არ გეგონოთ, იგორიოკის დაკაცებაში მარტო ვიყავი, რომ არა ჩვენი სოცმუშაკი ირინა მახარაძე, მე ვერც ვერაფერს მივაღწევდი, რადგან ძალიან დიდი პრობლემა იყო დედობილის დამოკიდებულება ჩვენ მიმართ…
 
ყველაფერში ხელს მიშლიდა…
როცა შეტყო,რომ ბიჭი უპრობლემოდ ადაპტირდა ჩვენს ოჯახში, საშინელი ევიანობა დაიწყო, ორჯერ მიჩივლა კიდეც, ჩემს შვილს ხან რომელ ოთახში სძინავს და ხან რომელშიო…
 
რაზეც სოცსამსხურის უფროსი სიცილით მოკვდა, ნეტავ მე ვიყო ჩემს სახლში ეგრე განებივრებულიო და კაბინეტიდან გააგდო, მე კი ბოდიში მომიხადეს.
საქმე ის იყო, რომ იგორს თავისი ოთახი მოვუწყვე სამეცადინო კუთხით, ტვ-თი და ინტერნეტით, მაგრამ მაშინ მხოლოდ ლეპტოპიღა გვაკლდა. სხვა მხრივ იგორი ძალიან თბილი და საყვარელი ბავშვი გამოდგა, სიგიჟემდე უყვარდა და დღესაც უყვარს ალბათ… თევზი…
 
უნდა გენახათ, იგორკა როგორი სითბოთი ფუსფუსებდა ბიძაჩემის დაკრძალვაზე და როგორ მიწებებულივით ეჯდა ბებოს (დედაჩემს) გვერდით… მოკლედ, იგორი ჩვენი ოჯახის საყვარელი და შეუცვლელი წევრი გახდა და ასეც იქნებოდა, რომ არა პირველი დედობილის უხეში ჩარევები.
დეტალებზე აღარ შევჩერდები.
 
სამ თვეზე ცოტა მეტ ხანს ვიყავით ბედნიერები ჩვენი ბიჭუნას წინსვლით, სწავლას უმატა, სკოლაში ასეთი უეცარი ფერისცვალებისთვის მადლობის სათქმელად მიბარებდნენ.
ბავშვმა, რომელმაც წერა-კითხვა თითქმის არ იცოდა, მალე წიგნების კითხვა და… ლექსების წერა დაიწყო, ქართულად. ჩემს სიხარულს საზღვარი არ ქონდა… მერე დავიწყეთ ინგლისურზე სიარული, მივაგენი მათემატიკის პედაგოგსაც და დანარჩენში მე თვითონ ვამეცადინებდი… ყველაფერი იდეალურად მიდიოდა…
 
მაგრამ ისევ დედობილი… დამირეკავდა, მთხოვდა, ჩემთან გამოუშვიო და ხან შუაღამისას აგდებდა გარეთ, ხან მეუბნებოდა, ჩემთანააო და ამ დროს იგორი ბიჭებში დანავარდობდა, რისი უფლებაც დედას ჩამორთმეული ჰონდა. მე შეშინებული სულ უკან დავსდევდი ბიჭს, ის კი ხან სად უშვებდა, ხან სად, ჩემ დაუკითხავად….
მოკლედ, ეს ძლივს კალაპოტში ჩაყენებული ბავშვი ისევ თავის ჭკუაზე გადაიყვანა. ამ ასაკში იცით ალბათ, რა ადვილია ბავშვის ხელზე დახვევა…
 
შემდეგ? შემდეგ ინგლისურის უკვე წესით მეშვიდე გაკვეთილიდან მოსვლა (იქვე, გვერდითკორპუსში “დადიოდა”) რომ დააგვიანა და მასწავლებელს დავურეკე, პასუხისგან – იგარიოკი ინგლისურზე საერთოდ არასდროს მოსულაო. ლამის ტვინში სისხლი ჩამექცა…
ეს იყო ბოლო წვეთი (აღარაფერს ვამბობ იმაზეც, რომ ჩემ დაუკითხავად ველოსიპედი უყიდა და მატყუებდა, ჩემთან არისო… ამ დროს კი იგარიოკი აეროპორტის ტრასაზე „ველიკით“ დაქროდა და უფალმა შემიწყალა, რომ არაფერი მოუვიდა ბავშვს, რადგან მის სიცოცხლეზე მე ვაგებდი პასუხს).
 
მე, რა თქმა უნდა, სასწრაფოდ სოცმუშაკს ვაცნობე ყველაფერი და მოვითხოვე იგარიოკის დაბრუნება, ოღონდ არა დედამისთან, არამედ სხვა ქალაქში, მისი ნახვის უფლებით…
 
სოცსამსახური დამთახმდა და შემომთავაზა ნორიოს საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლი 9 ბავშვით, რომელსაც მონასტერი და ბერები მეთვალყურეობდნენ და სადაც დაასრულა კიდეც იგორუშკამ თავისი ხეტიალი. მე იქაურ აღმზრდელებსაც ვეკონტაქტებოდი და იგორის ხასიათის შეცნობაში ვეხმარებოდი.
 
იგორკა იქედანაც გამოიპარა ერთხელ. ჩვენთან! ნაზიკო ბებო მოენატრა და რა ექნა… იქაური მეგობარიც ახლდა, რომელმაც შურით უთხრა: აქედან რომ თავს გააშვებინებ, არ უნდა იყო ნორმალურიო… მაგრამ ჩემი მიღწევა ის იყო, რომ მაშინვე მითხრა გამოპარული ვარო, ვაკოცე, ჩავეხუტე და პირობა ჩამოვართვი, რომ არადსროს არავის მოატყუებდა…
 
იგორი დღეს უკვე 20 წლისაა, ცოლიანი კაცია და მისი ნიკი ფბ-ზე იცით რა არის? SvaNi… მე მგონი ახსნა საჭირო არ არის, ხომ?
იგორუშკა, მაპატიე, ასე სახალხოდ რომ გიხდი მადლობას იმისთვის, რომ შენმა არსებობამ უფრო გამაკეთილშობილა, მასწავლა მოთმინება და ადამიანის ისეთად მიღება, როგორიც არის… იცი, როგორც გვიყვარხარ, თუმცა ნაზიკო ბებო აღარ გყავს და ვიცი, რომ გული გტკივა, მაგრამ სმაგიეროდ, მე გყავარ.
 
ძალიან კარგი კაცი ადექი და მადლობა შენ, ამისთვის! გვიყვარხარ რატიანებს!
 
მინდა გითხრათ, რომ სინამდვილეში იგორი დმიტრიევია და „სვანი“ ნიკნეიმად აიღო ჩვენ გამო. პირველმა დედობილმა არ დამაცადა, რომ ბავშვისთის კარგი განათლება მიმეცა. თავისით გაიკვლია გზა და სამსახურში ძალიან კარგი რეპუტაცია აქვს. ბიოლოგიური მშობლების ვინაობა არ იცის. ორი თვისა მიუყვანიათ ბავშვთა სახლში და დაუტოვებიათ.
 
სხვა მის ადგილზე გაბოროტდებოდა, გათახსირდებოდა და კრიმინალად ჩამოყალიბდებოდა. 4 თვე ძალიან ცოტაა. რას მოვასწრებდი მის ფორმირებას ამ მოკლე დროში? მაგრამ მაინც დაეტყო ბავშვს ოჯახური სითბო. დედაჩემს ხშირად აკითხავდა და მისი გარდაცვალება რომ გაიგო, პატარა ბავშვივით ტიროდა.
 
პირველ დედობილს რომ უშვილების, ისეთი „ჭირიანი“ და ავადმყოფი ყოფილა, დედამისი ცუდად გამხდარა და ლოგინად ჩავარდნილა, მაგრამ გაჭირვებით მაინც გამოუზრდია 2 წლამდე. მერე ავ თვალს არ ენახვებოდა ბავშვი თურმე, მაგრამ ბებიამ ვეღარ გაუძლო და გარდაიცვალა. დედობილი კი ერთ-ერთი მსხვილი ორგანიზაციის ეკონომისტი იყო და ბავშვის გამო არ მიატოვა სამსახური. სწორედ ამიტომ დააბრუნა ბავშვთა სახლში. მას მერე ფეხდაფეხ დასდევდა და ყველა ბავშვთა სახლიდან დედამისი გამო აგდებდნენ ბავშვს.
 
წინა ხელისუფლების დროს ჩემი დიდი ბინა ხომ დავკარგე და ახლა მამიდას დატოვებულ ერთოთახიანში ვარ, თორემ ჩემთან ვაცხოვრებდი იგორსაც და მის მეუღლესაც და ქირით არ გავუშვებდი. ძაან მიყვარს, გულიანი ბიჭია. მარა „მზია დეიდა“ ვერ ვათმევინე. ასე მეძახის – მზიადეიდ.
 
პ.ს. იგორმა არაფერი იცის თავისი ბიოლოგიური მშობლების შესახებ და ალბათ ძნელი იქნება, მივაგნოთ მათ, მაგრამ ცდა ბედის მონახვრეა და იქნებ გაუმართლოს და ბიოლოგიურმა დედამ სურათზე მაინც ამოიცნოს.





მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს

ბოლო სიახლეები:

Прокомментировать
კოდის განახლება
პარტნიორები