დაგვიკავშირდით
+995 592 11 21 11

“ბოლო ჟამია, თქვენ ანტიქრისტეს მოესწრებით…” – დღეს მამა გაბრიელის დაბადების დღეა. ნახეთ მისი ცნობილი გამონათქვამები

“ბოლო ჟამია, თქვენ ანტიქრისტეს მოესწრებით…” – დღეს მამა გაბრიელის დაბადების დღეა. ნახეთ მისი ცნობილი გამონათქვამები
01 სექტემბერი 2021, ოთხშაბათი'
5 951

დღეს ღირსი გაბრიელი აღმსარებელი-სალოსის დაბადების დღეა.
 
ერისკაცობაში გოდერძი ვასილის ძე ურგებაძე, 1929 წლის 26 აგვისტოს თბილისში დაიბადა. თბილისის 24-ე საშუალო სკოლის ექვსი კლასი დაამთავრა. 1949 წელს სამხედრო სამსახურში გაიწვიეს. მსახურობდა ბათუმში. მიუხედავად არმიაში არსებული სიმკაცრისა, ახერხებდა ეკლესიაში სიარულს, სწორედ აქ შეისწავლა ხუცური.
 
1951-1955 წლებში სამხედრო სამსახურიდან დაბრუნების შემდეგ, თავის ეზოში ააგო ოთხგუმბათიანი ეკლესია. ხელისუფლება სულ ცდილობდა დაენგრია ეს ეკლესია, მაგრამ უშედეგოდ (ეკლესია დღესაც დგას თეთრიწყაროს ქუჩაზე).
 
1954 წელს გოდერძიმ ქუთათელ-გაენათელ ეპისკოპოსს, მეუფე გაბრიელს დიაკვნად კურთხევასთან დაკავშირებით თხოვნით მიმართა. 1955 წელს ქუთაისის პეტრე-პავლეს ეკლესიაში მოხდა მისი დიაკვნად კურთხევა, ხოლო შემდეგ მოწამეთას მონასტერში, ქუთათელ-გაენათელმა ეპისკოპოსმა გაბრიელმა, ის ბერად აღკვეცა და მისივე თხოვნით, წმინდა გაბრიელ ათონელის საპატივცემულოდ, გაბრიელი ეწოდა.
 
იმავე წლის 27 თებერვალს მამა გაბრიელი მღვდელ-მონაზვნად იკურთხა. 1956 წელს მღვდელ-მონაზონი გაბრიელი, ავადმყოფობის გამო, ითხოვს საეკლესიო სამსახურიდან დათხოვნას. ამავე წლის მაისში იგი ინიშნება წმინდა ნინოს ეკლესიაში მთავარ დიაკვნად. სიცოცხლის ბოლო წლებში მამა გაბრიელი მოღვაწეობდა მცხეთაში, სამთავროს დედათა მონასტერში.
მამა გაბრიელი იყო ერთ-ერთი იმ იშვიათ შემთხვევათაგანი, ვინც კომუნისტების დროს ბერად აღიკვეცა და ააშენა ეკლესია.

1965 წელს 1 მაისს, კომუნისტური აღლუმის დროს, დაწვა ლენინის 12-მეტრიანი პორტრეტი. დაკითხვაზე მამა გაბრიელმა განაცხადა: “იქ უნდა ეკიდოს ქრისტეს ჯვარცმა და არა ლენინის სურათი. კაცს რად უნდა დიდება. უნდა ეწეროს: დიდება ქრისტე ღმერთს”. მას უპირობო დახვრეტის მუხლი მიუყენეს. კომუნისტური რეჟიმის მესვეურები მისგან მოითხოვდნენ, ეღიარებინა, რომ ყოველივე ეკლესიის დავალებით ჩაიდინა, სანაცვლოდ კი სიცოცხლის შენარჩუნებას სთავაზობდნენ.
 
ხანგრძლივი ტანჯვა-წამების მიუხედავად, გაბრიელ ბერს პოზიცია არ შეუცვლია. პირიქით, მორიგ დაკითხვაზე ლენინი კვლავ მხეცად მოიხსენია, რის გამოც ის კვლავ ცემეს და აწამეს. ეს ამბავი უცხოეთის პრესისთვის არ დარჩენილა შეუმჩნეველი და ევროპისა და ამერიკის ჟურნალ-გაზეთებით ფართოდ გავრცელდა. მამა გაბრიელი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას უკიდურესად არაჰუმანურად ეპყრობოდნენ.
ბოლო წლებში ცხოვრობდა მცხეთის დედათა მონასტრის ტერიტორიაზე არსებულ, მეფე მირიან III-ის კოშკში. იძინებდა კუბოში, თავთაან ედო თავის ქალა. ამბობდა, ვისაც სიკვდილი მუდმივად ახსოვს, ის ცოდვას არ ჩაიდენსო…
 
1995 წელს ბერი წყალმანკით მძიმედ დაავადდა. გარდაცვალებამდე ერთი თვით ადრე საქართველოს პატრიარქმა ილია II-მ გაბრიელ ბერი არქიმანდრიტის ხარისხში აიყვანა.
 
1995 წ. 2 ნოემბერს არქიმანდრიტი გაბრიელი გარდაიცვალა. იგი ანდერძისამებრ დაიკრძალა ბერ-მონაზვნური წესით, ჭილოფში გახვეული, მცხეთის დედათა მონასტრის ეზოში. ამბობენ, რომ არქიმანდრიტი გაბრიელის სისხლი, რომელიც ექიმმა-ქირურგმა ზურაბ ვარაზაშვილმა აიღო ანალიზის ჩასატარებლად — დღემდე უხრწნელია. მორწმუნეთა გადმოცემით, მამა გაბრიელის საფლავზე ჩაუქრობელი კანდელიდან აღებული ზეთი სასწაულებრივი კურნების თვისებით არის ცნობილი, როგორც საქართველოში, ისე მის საზღვრებს გარეთ.
 
და 2014 წლის 22 თებერვალს მამა გაბრიელის საფლავი გახსნეს და წმინდანის წმინდა ნაწილები ჯერ სვეტიცხოველში, შემდეგ რამდენიმე დღე სამებაში, ბოლოს კი ისევ სამთავროს ფერიცვალების მიძინების დედათა მონასტერში დააბრძანეს.
მამა გაბრიელის გამონათქვამები
 
საქართველო სიყვარულმა უნდა გადაარჩინოს. ქართველ ერს მიცემული აქვს სიყვარულის ნიჭი და თუ არ გამოიყენა ეს ძალა, როგორც იონა წინასწარმეტყველი გადაყლაპა ვეშაპმა, ისე მოუვა მასაც. თქვენი ნიჭი რწმენაა, ამრავლეთ იგი და სხვებსაც ეს უთხარით.
 
ყველა უნდა გიყვარდეს, მაგრამ, თუ ვერ შეძელი ყველას სიყვარული, სიკეთე მაინც უნდა გინდოდეს ყველასთვის.
 
ღმერთი არ იძლევა დიდ ნიჭს დიდი განსაცდელის გარეშე. ღმერთი ყველას იმ ზომით მოგვივლენს განსაცდელს, რისი ატანაც შეგვიძლია. შესაბამისად გვეძლევა ღვთის მადლიც.
 
ბოლო ჟამია, თქვენ ანტიქრისტეს მოესწრებით, იგი კარზე კი არ აკაკუნებს, არამედ შემოგლეჯას ლამობს. ცალ-ცალკე ნუ ივლით, ერთად იარეთ, რომ ბოროტებამ არ გადაგჩეხოთ, ლოცვა მთებს ძრავს.
 
პროდუქტებზე რომ აწერენ ანტიქრისტეს რიცხვს, ვერაფერს დაგიშავებთ. ეს არ არის ბეჭედი. უნდა თქვათ „მამაო ჩვენო“, ჯვარი გარდასახოთ, ასხუროთ ნაკურთხი წყალი და ასეთი საჭმელი განიწმინდება.
გულით სინანული მეტია ცრემლით სინანულზე.
 
ნუ მოგერიდებათ, რომ ყოველთვის და ყველაფერს ჯვარი გარდასახოთ. ჯვარშია მთელი ძალა.
 
ნუ ზრუნავთ ხორცისთვის, იზრუნეთ სულისთვის, სული გადაირჩინეთ. ვინც ენასა და მუცელს სძლია, ის უკვე სწორ გზაზე დგას.
 
როდესაც საჭმელს ჭამ, უნდა გახსოვდეს მშიერი, მწყურვალი, გაჭირვებული, ამაშია სასუფევლის პოვნა.
 
ანტიქრისტეს მომხრეები ქუჩაში გახდილნი ივლიან. ქრისტიანები წესიერად ჩაცმულები იქნებიან და ამით განასხვავებთ ერთმანეთისგან. ქალი, მამაკაცის ტანსაცმელში ჩაცმული – შეჩვენებული იყოსო, წერია სჯულის კანონში. ადამიანის ჩაცმულობა მისი სულიერი მდგომარეობის გამომხატველია.
 
უფალი სხვის უბედურებას იმიტომ გვიჩვენებს, რათა ილოცოთ მისთთვის, დაეხმაროთ მას. ამით სიყვარულს გვასწავლის.
 
ქრისტემ ლაზარე აღადგინა და ის გაუჭირდება, რომ მე აღმადგინოს? თქვენ ვერ დამინახავთ, მაგრამ ითხოვეთ ღვთისგან და ლოცვას არ დაგაკლებთ, რომ ღმერთი ყველას შეგეწიოთ.
 
მძიმე ჯვარს ატარებს კათოლიკოს-პატრიარქი, ვინც მას განიკითხავს, თავზე აგუზგუზებულ ნაკვერჩხლებს დაიყრის.
 
არქიმანდრიტი გაბრიელ ჯამბაზიშვილი: – სიწმინდეები მამა გაბრიელის დამ, ემა დეიდამ და დედა პარასკევამ გადმოგვცეს. მამა გარიელს ორი და ჰყავდა, ემა და ჯულიეტა. ემა დეიდა ოთხი წლის წინ გარდაიცვალა.
 
სარტყელის ისტორია ასეთია. საბერძნეთში რომ ვიყავი, იქ ვნახე, რომ წმინდა იოანე რუსის სარტყელს და სკუფიას (თავსაბურავი) იფარებდნენ და მასზე ლოცულობდნენ მომლოცველები.
 
სიწმინდესთან შეხებით ადამიანი მადლს იღებს. და მეუფეს ლოცვა-კურთხევით, ეს ტრადიცია, ჩვენთან გადმოვიტანე. აქამდე, საქართველოში, ასეთი ტრადიცია არ ყოფილა, რომ პირდაპირ ნივთებს მთხვეოდა ან  გაეკეთებინა ისინი მრევლს.
 
ვინც რწმენით მოდის და შესთხოვს, მამა გაბრიელი ისმენს მათ ლოცვას. ვისაც რწმენა არ აქვს, მამა გაბრიელი მასაც ეწევა, რომ რწმენაში მოაქციოს. მამა გაბრიელი სწორედ იმით გამოირჩევა, რომ ძალიან დიდი რწმენის არ მქონე ადამიანებიც იღებენ კურნებას. ასე იყო მის საფლავზეც. სხვა რელიგიის ხალხი იღებდა შეწევნასა და მფარველობას. მოკლედ, მას რწმენაში მოჰყავს ადამიანი. ურწმუნოც რომ იყო, სასწაულს მოგიხდენს.
 
მრავალი ადამიანი მოდის და ნუგეშს იღებს აქ, ჩვენ კი ეს გვახარებს. უფალი მადლს უშურველად გვაძლევს. ის ჩვენს სურვილსაც კი იწირავს. უბრალოდ მასთან ყოფნა რომ გინდა, ამასაც ხედავს და გვიწირავს.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს

ბოლო სიახლეები:

Прокомментировать
კოდის განახლება
პარტნიორები